აპრილში ინტერნეტით რეკორდული მოცულობის გადახდები შესრულდა [BM.GE]

internet

საქართველოში ელექტრონული გადახდების მოცულობა მაღალი ტემპით იზრდება, რის შედეგადაც აპრილში რეკორდული მოცულობის 514 მილიონი ლარის ინტერნეტ ოპერაციები შესრულდა. ამაში შედის როგორც ონლაინ-ვაჭრობა ასევე სხვა სერვისებისა თუ მომსახურების მიწოდება. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 62%-ით, ანუ 198 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

აპრილის განმავლობაში ოპერაციების მთლიანმა რაოდეობამ 8.3 მილიონი შეადგინა (წლიურად 48%-ით მეტი), ხოლო ერთი გადახდის საშუალო მოცულობა 61.9 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ოპერაცია მაინც ბანკომატების საშუალებით სრულდება, კერძოდ აპრილში ბანკომატებით 2.4 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა, პოს-ტერმინალებით 600 მილიონი ლარის ოპერაციები, ინტერნეტით კი 514 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა.

წყარო: www.bm.ge